უკრაინული მედია ანდრეი შევჩენკოს აკრიტიკებს - რატომ არ გამოიძახეს მახარაძე ნაკრებში
ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს – დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარისა და კაპიტნის შესახებ გავრცელებული ეს ცნობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმაც დაადასტურა – 25 წლის მეკარე ივნისის სანაკრებო მატჩებზე გამოძახებულთა სიაშია.
ამას უკრაინული მედიის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა – ინტერნეტგამოცემა “უა-ფუტბოლის” ჟურნალისტის აზრით, მახარაძე მათი ქვეყნის ნაკრებში თამაშს იმსახურებდა, მისი იგნორირებისთვის კი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო მკაცრად გააკრიტიკა და დაცინვით “საფეხბურთო დღის გმირი” უწოდა.
„ეროვნული გუნდის ახლანდელი მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოს პერიოდში მკვეთრად გაავლეს ხაზი “დინამოს”/”შახტარსა” და ყველა დანარჩენს შორის. ვინც ამ გუნდებში არაა, ამხანაგურ შეხვედრებში შანსის მიცემას არ იმსახურებს? მახარაძემ კი ლუნინზე (რომელიც ანდრეი შევჩენკომ მიიწვია) ნაკლები ბურთი გაუშვა და გაცილებით ნაკლები შეცდომები მოსდიოდა, ვიდრე დენის ბოიკოს. შევჩენკომ ნაკრებში ასევე სერგეი სიდორჩუკი მიიწვია, რომელმაც ნახევარ წელიწადში ნახევარი ტაიმი ითამაშა. გასულ სეზონში, ზაური ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელეს, მაგრამ შევჩენკოს ზარს მაინც ვერ ეღირსა.
გასაკვირი არ არის, რომ მას ყურადღება საქართველოში მიაქციეს. უკრაინის ნაკრებში შეეძლოთ მომავალზე გათვლით შანსი მახარაძისთვის მიეცათ და ზაური საქართველოს ნაკრებისთვის მიუწვდომელი იქნებოდა, მაგრამ მახარაძე საკმარისად რეკლამირებული არ არის. შევჩენკოსთან, როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, ყოველთვის იყო პრეტენზია და ერთი მათგანი ესაა – გუნდის დაკომპლექტებაში მხოლოდ რეკლამირებულებს ამჯობინებს” – წერს “უა-ფუტბოლი”.