უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოს დაპატიმრებას მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. ამასთან, უკრაინელმა კანონმდებლებმა ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და დაპატიმრებას დაუჭირეს მხარი.
15 მარტს იური ლუცენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტში ტერაქტს გეგმავდა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა რადას სავჩენკოსთვის ხელშეუხებლობის გაუქმების თხოვნით მიმართა.
მოგვიანებით, სავჩენკომ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს გარემოცვა მის ლიკვიდაციას გეგმავდა, ამისთვის კი პროვოკაციას ამზადებდა. რეგლამენტის კომიტეტზე გამოსვლისას მან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირება დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ ამას პროვოკაციის მიზნით აკეთებდა. სავჩენკოს მტკიცებით, ის ტერაქტების ორგანიზების შესახებ მოლაპარაკებებს ხელისუფლებისთვის კვალის ასარევად აწარმოებდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას გეგმავდა.
რუბანი მაისამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. 2014 წლის ივნისში ის ლუგანსკის ოლქში პრორუსმა მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს და რუსეთში გადაიყვანეს, სადაც მას რუსი ჟურნალისტების გარდაცვალებასთან კავშირში დასდეს ბრალი. 2016 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მაისში ის უკრაინანში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვზე გაცვალეს.
ჯერ კიდევ რუსეთში, პატიმრობაში ყოფნის დროს, ნადეჯდა სავჩენკო უკრიანის უმაღლეს რადაში აირჩიეს. ის პარტია „ბატკივშინას“ სიის პირველი ნომერი იყო. სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება აქვს მიღებული