უკრაინის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა
უკრაინის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა

კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის დეპუტატის, ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. მანამდე სასამართლომ  23 ადამიანს სავჩენკოს თავდებით გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ნადეჟდა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობის ვადა შვიდ სექტემბერს ეწურებოდა.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 1-ელ აგვისტოს საქმის წინასწარი გამოძიების დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი ფიგურანტია- ტყვეების გათავისუფლების ცენტრის ხელმძღვანელი ვალენტინ რუბანი.

სავჩენკო პატიმრობაში 2018 წლის 23 მარტიდან იმყოფება, რუბანი კი – 8 მარტიდან.

დეპუტატის დაკავებასა და გასამართლებას უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 მარტს დაუჭირა მხარი.

უკრიანის გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს რამდენიმე მძიმე დანაშაულში სდებს ბრალს, მათ შორის კონსტიტუციური წესრიგის დამხობისკენ მიმართულ ქმედებებში, ტერორისტული დაჯგუფების შექმნაში, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოხელის სიცოცხლის ხელყოფასა, და იარაღის უკანონო გამოყენებაში.

პროკურატურის მტკიცებით, დეპუტატი უმაღლესი რადას შენობაში ტერაქტს გეგმავდა.