უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შესაბამის ინიციატივას მეორე მოსმენით 315-მა დეპუტატმა მისცა ხმა. მანამდე კანონმდებლებმა კანონპროექტის 1927 შესწორება განიხილეს. კენჭისყრას ესწრებოდა კანონპროექტის ინიციატორი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ გორისმანმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, თუ რადა ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ კანონს არ მიიღებს.
როგორც კენჭისყრამდე პეტრო პოროშენკომ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კანონპროექტი სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ამავდროულად სრულად შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციასა და კანონებს.
თავის მხრივ, რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ აღნიშნა, რომ მოსამართლეების დანიშვნაში საერთაშორისო ექსპერტების როლის სადავო საკითხთან დაკავშირებით მოიძებნა ფორმულა, რომელიც ასევე შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
პეტრო პოროშენკოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული სასამართლოს შესახებ პოროშენკოს პროექტი უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მისამართით კრიტიკა ევროკავშირმაც გამოთქვა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება კიევის დაპირებებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში საერთაშორისო ექსპერტების როლი წარმოადგენდა. უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიიჩნევენ, რომ მოსამართლეების დანიშვნაში საერთაშორისო ექსპერტების სრულფასოვანი როლი ანტიკორუფციული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისი ეფექტიანობის გარანტი იქნება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა უკრაინასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის გაგრძელების ერთ-ერთი პირობაა.