უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე უსაფრთხოებას 136 ათასი სამართალდამცავი იცავს
უკვე ერთ საათზე მეტია უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.
პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველმა ხმა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ ლიდერმა ვიქტორ ბოიკომ მისცა. მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებზე მოქალაქეთა აქტივობა მაღალი იქნება.
არჩევანი ასევე დააფიქსირა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომაც. ის უბანზე სპორტულ ფორმაში, ველოსიპედით გამოცხადდა. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს.
ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.
უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.
უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც გააშუქებენ.