უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კომუნისტებისა და ნაცისტების რეჟიმები დანაშაულებრივი არსით გაათანაბრა
უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კომუნისტებისა და ნაცისტების რეჟიმები დანაშაულებრივი არსით გაათანაბრა

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კომუნისტებისა და ნაცისტების რეჟიმები გაათანაბრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები დანაშაულებრივი არსით ერთნაირები არიან და ერთსა და იმავე რეპრესიულ მეთოდებს იყენებდნენ.

16 ივლისს უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ უკრაინის დეკომუნიზაციის შესახებ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო, ხოლო გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები დანაშაულებრივი არსით ერთნაირი იყო, მათ მიერ პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოყენებული მეთოდები კი ერთი და იგივე“.

„ორივე რეჟიმმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებებს. რადგან მათი არსებობის განმავლობაში ახორციელებდნენ საზოგადოების ტოტალურ კონტროლს, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და რეპრესიებს, არ იცავდნენ საერთაშორისო ვალდებულებებს, არღვევდნენ მათივე მიღებულ კონსტიტუციას და კანონებს. შედეგად კი, უკრაინელების რამდენიმე თაობა ყოვლისმომცველ შიშსა და თავისუფლებისგან დაცლილ გარემოში ცხოვრობდა“, – ნათქვამია უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოში ასევე აღნიშნავენ, რომ „კომუნისტურმა რეჟიმმა საბჭოთა კავშირში არაერთხელ მოახდინა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში შეიარაღებული შეჭრის ინიცირება“.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომელიც გმობს ნაცისტურ და კომუნისტურ რეჟიმებს და კრძალავს მათი სიმბოლიკის გამოყენებას, ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

უკრაინის დეკომუნიზაციის შესახებ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმება 46-მა უკრაინელმა დეპუტატმა მოითხოვა. მათი უმრავლესობა „ოპოზიციური ბლოკის“ წევრია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული კანონი სიტყვის თავისუფლების, ცენზურის დაუშვებლობის, თავისუფალი შეკრების და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენდა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა შესაძლებელია ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებით“.