უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დონალდ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამერიკელის უკრაინასთან დაკავშირებისგან
უკრაინის საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დონალდ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამერიკელის უკრაინასთან დაკავშირებისგან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, თავი შეიკავონ ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ამერიკელის უკრაინასთან დაკავშირებისგან. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ ისაუბრა.

გეორგი ტიხის განცხადებით, უკრაინა გმობს პოლიტიკური ძალადობის ყველა ფორმას.

„ამ ეჭვმიტანილს არ აქვს არანაირი კავშირი უკრაინის სამთავრობო უწყებებთან და არასდროს უბრძოლია უკრაინის მხარეს საერთაშორისო ლეგიონის ან უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების შემადგენლობაში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

ტიხის თქმით, ტრამპზე თავდამსხმელი წარსულში საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინას, მაგრამ აშშ-ში „ასობით მილიონი ადამიანია, რომლებიც უჭერენ მხარს უკრაინას“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასძინა, რომ უკრაინა მზადაა, შეერთებული შტატებისგან მოთხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს მათ ინციდენტის გამოძიებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ფლორიდის შტატში, ტრამპის კუთვნილ გოლფკლუბში, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა მოხდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც იარაღით იმალებოდა გოლფკლუბისგან ასობით მეტრის მოშორებით მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი მოედანზე თამაშობდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ეჭვმიტანილი 58 წლის რაიან უესლი რუთია. რუთი უკრაინის მხარდამჭერია, მან გამოხატა ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ 2022 წელს სოციალურ ქსელში ათობით პოსტში, სადაც ამბობდა, რომ „უნდა დაეწვათ კრემლი“ და რომ მზად იყო, მომკვდარიყო ბრძოლაში.