უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩის დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს - უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი
უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩის დაბარებაზე ინფორმაციას ავრცელებს - უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი

საქართველოს ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და თბილისში დაბრუნება სთხოვეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების გამო.

„ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს მოუწოდეს, თბილისში დაბრუნებულიყო კონსულტაციებისთვის არსებული სიტუაციის მოგვარების გზების მოსაძებნად“, – განაცხადეს დიპლომატიურ დეპარტამენტში.

უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.