მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში არ უნდა გამოეძახათ, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია
მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში არ უნდა გამოეძახათ, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრად დაგმო პოლონეთის ელჩის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.

„ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთია, ვინც დარჩა კიევში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან, არ უნდა გამოეძახათ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს მატეუშ მორავიეცკი.

მისივე თქმით, პოლონეთისთვის სხვა სახელმწიფოს ინტერესები არასდროს დადგება მათი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს.