პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი დაიბარეს
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს. ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყების ოფიციალურ სპიკერზე, ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით წერს.
როგორც ნიკოლენკომ აღნიშნა, სამინისტროში გამართული შეხვედრისას პოლონელ დიპლომატს უთხრეს, რომ განცხადება უკრაინელთა უმადურობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და მიუღებელია.
„დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინულ-პოლონური მეგობრობა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ბევრად ღრმაა. პოლიტიკამ არ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ჩვენი ხალხების ურთიერთგაგება და სიმტკიცე. ვერანაირი განცხადებები ვერ შეგვიშლის ხელს, ერთობლივად მოვიპოვოთ მშვიდობა და ავაშენოთ საერთო ევროპული მომავალი“, – განაცხადა ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აღნიშნულ განცხადებას უსაფუძვლო უწოდეს.