უკრაინის პრეზიდენტი - ძალოვანმა უწყებებმა ორ კვირაში უნდა დაადგინონ, ვინ უსმენდა პრემიერ-მინისტრს
უკრაინის პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრის მოსმენაში ეჭვმიტანილების დასადგენად ორკვირიანი ვადა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი.
„ვითხოვ, რომ ორ კვირაში, რაც შეიძლება მალე მივიღოთ ინფორმაცია, ვინ აწარმოებს ჩაწერას“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე გასცა განკარგულება, რათა ორი კვირის ვადაში შემუშავდეს ზომები, რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც უკრაინის პრემიერ-მინისტრის ხმით მოსაუბრე ადამიანი აცხადებს, რომ „ის ეკონომიკაში ვერ ერკვევა და ასევე პრეზიდენტიც ეკონომიკურ საკითხებში არაკომპეტენტურია“.
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ალექსეი გონჩარუკმა, პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.