უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა უკრაინულ ავიაკომპანიებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა
უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა უკრაინულ ავიაკომპანიებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა

უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა უკრაინულ ავიაკომპანიებს ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი ავრცელებს.

მისი ცნობით, აკრძალვა 2020 წლის 9 იანვრიდან შედის ძალაში და უკრაინაში რეგისტრირებულ ყველა კომპანიაზე ვრცელდება, რომელიც საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას ახორციელებს.

გონჩარუკის ინფორმაციითვე, უკრაინაში იწყება ყველა საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება.

მანამდე, რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიამ ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენა შეწყვიტა.

კერძოდ, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა „ეარ ფრანსმა“. ასევე, რეისების განხორციელებას წყვეტს გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“.

განცხადება გაკეთდა ტაივანისა და მალაიზიის ავიახაზებშიც. კომპანიებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ფრენები ამ ორი ქვეყნის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით განხორციელდება.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი ბოინგ 737, რომელიც თეირანიდან კიევის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა, 8 იანვარს ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი 168 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი