რადაში მისულ ალექსეი გონჩარუკს ოპოზიცია შეძახილებითა და სტვენით შეხვდა
რადაში მისულ ალექსეი გონჩარუკს ოპოზიცია შეძახილებითა და სტვენით შეხვდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი აცხადებს, რომ მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ეს განცხადება ალექსეი გონჩარუკმა უმაღლეს რადაში გამოსვლის დროს გააკეთა. პარლამენტში მისულ პრემიერს ოპოზიცია შეძახილებითა და სტვენით შეხვდა.

ტრიბუნასთან, გამოსვლის დროს გონჩარუკმა თქვა, რომ მისი „განცხადება გათავისუფლების შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარის სახელზეა დაწერილი, ხოლო პრეზიდენტს აქვს უფლება, ნებისმიერ მომენტში გადაუგზავნოს ის პარლამენტს“.

ამ განცხადების შემდეგ გონჩარუკმა დარბაზი დატოვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს დღეს მიმართა.

ამის მიზეზად ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერი სახელდება, სადაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეკონომიკაში ვერ ერკვევა.