უკრაინაში საქართველოს ელჩმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლობების მომსახურების გენერალური დირექციის პრესცენტრში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების შესახებ ლექცია წაიკითხა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა, როგორც თვითმხილველმა, ისაუბრა ისტორიულ წინაპირობაზე – რა უძღოდა წინ აღნიშნულ მოვლენებს და ყურადღება გაამახვილა შემდგომში განვითარებულ პროცესებზე. ელჩმა საზოგადოების წინაშე გაახმოვანა აქციაზე დაღუპული ყველა მონაწილის სახელი და გვარი.
ლექციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის მეცნიერული საზოგადოების თავმჯდომარემ ირინა მატიაშმა საქართველოს ელჩს საპატიო წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
ლექციას ესწრებოდნენ პოლიტოლოგები, ექსპერტები, სტუდენტები, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები.