პრესკონფერენცია | ილიას ზუროსი - გოგა ბითაძეს ძალიან სურს ჩვენს გვერდში ყოფნა, ის უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს #1TVSPORT
პრესკონფერენცია | ილიას ზუროსი - გოგა ბითაძეს ძალიან სურს ჩვენს გვერდში ყოფნა, ის უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან, ხოლო 4 ივლისს ესპანეთთან ითამაშებს. ესპანელებს თბილისის ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ. ორივე მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

ამ მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გუნდის მოთამაშე გიორგი შერმადინი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე.

– ამ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატის ოთხი მატჩი გვაქვს. ამ შეხვედრებს ვერავითარ შემთხვევაში განვიხილავდით მოსამზადებელ ეტაპად, რადგან ჩვენს ნაკრებს აქვს კარგი შანსი პირველად ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე, – აღნიშნა პაატა ლობჟანიძემ.

ვლადიმერ ბოისამ სლოვენიური შეკრებით დაიწყო:

– სლოვენიაში საქართველოს ნაკრებს ექნება მაღალი დონის შეკრება. დაგეგმილია საწვრთნელი შეხვედრები. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ზაფხულს გვექნება დიდი პრეზენტაცია, რომლის დროსაც წარმოგიდგენთ ნაკრების ახალ ფორმებს, რომელიც ფირმა „ნაიკმა“ შეკერა.

ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი:

– ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია, ის გუნდი იქნება, რაც ნოემბრის ფანჯარაში. მაშინ წავაგეთ, თუმცა არ გვყავდა თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე. ახლა ორივე ჩვენთანაა და დარწმუნებული ვარ, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი უკვე ნერვიულობს საქართველოში ჩამოსვლის და ჩვენთან სავსე დარბაზში თამაშის გამო.

დარბაზის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც ილაპარაკა:

– ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ევრობასკეტის თბილისში ჩატარება. ვიცით, დარბაზი გაივსება და გულშემატკივარს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი შრომა გასწია, რომ ევრობასკეტის ერთი ჯგუფი თბილისში გამართულიყო.

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის გუნდი ჯერ სრულად არ შეკრებილა:

– მალე შემოგვიერთდება თად მაკფადენი, ხოლო თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია გაეწელა და ისიც გვიან დაგვემატება. 27 ივნისამდე ჩვენთან ერთად ვერ ვარჯიშობს გოგა ბითაძე. მას ძალიან სურს ჩვენს გვერდში ყოფნა, ის უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს. ამ ეტაპზე ვინც გვყავს ძალიან ბევრს შრომობს. მაგალითისთვის გიორგი შერმადინი, რომელიც ვარჯიშებისასაც და მოედნის მიღმაც ბევრს აკეთებს გუნდისთვის. რაც შეეხება უკრაინასთან მატჩის ტაქტიკას, ყველას შეუძლია თავისი სტრატეგია განსაზღვროს. მთავარია, მე მჯერა ჩემი კალათბურთელების, მათ ბევრი რამ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 მოგებით ლიდერობს. თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული ესპანეთსა და უკრაინას, რომლებსაც შესაბამისად 3 და 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა ოთხივე წაგების მქონე ჩრდილოეთ მაკედონია. წინა ფანჯრის გამოტოვებული მატჩი, უკრაინა-ესპანეთი 7 ივლისს გაიმართება.

მსოფლიოს საკვალიფიკაციო მატჩებს დამატებით ის დატვირთვაც გააჩნია, რომ მომავალი ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმის ნაწილად განიხილება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ აღნიშნული გეგმა მწვრთნელთა შტაბთან შეთანხმებით, სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციებთან მოლაპარაკებების შემდეგ შეადგინა.

მის ფარგლებში ილიას ზუროსის გუნდი საწვრთნელ შეკრებებს გაივლის როგორც თბილისში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში – სლოვენიაში, უნგრეთში, საბერძნეთში. საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ პერიოდში 4 ოფიციალურ და 7 ამხანაგურ მატჩს გამართავს, რის შემდეგაც, 1 სექტემბერს, თბილისში ევრობასკეტი 2022 დაიწყება.