მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | საქართველო უკრაინის ნაკრებთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინასთან ლატვიაში ითამაშა. შეხვედრა პირველი წუთიდან ბოლომდე უკრაინელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით დასრულდა – 78:66.

მძიმე მატჩი იქნებაო, – თქვეს უკრაინისა და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა აინარს ბაგაცკისმა და ილიას ზუროსმა.

პირველი ტაიმი მართლაც მძიმე გამოვიდა საქართველოსთვის. ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის ჰქონდა ჩვენს გუნდს ასეთი ქულამწირი პირველი ნახევარი – საწყის 20 წუთში 1 სამქულიანი ჩააგდო, 24 საჯარიმოდან კი მხოლოდ 13 გამოიყენა და ტაიმი 34 ქულით დაასრულა.

მიზეზი უკრაინის კარგი დაცვაა. მათმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა გუნდი შეხვედრისთვის კარგად მოამზადა. ფორმალური მასპინძლები დაზღვევას კარგად ასწრებდნენ და თავისუფალ სატყორცნ პოზიციაში საქართვლოს ნაკრების არც ერთი კალათბურთელი არ დარჩენილა.

ბაგაცკისმა ისიც იცოდა, რომ საქართველოს ნაკრები ფარქვეშიდან შერმადინითა და შენგელიათი შეუტევდა. გუნდი ამისთვისაც მოამზადა – ფარქვეშ რომელიმე ჩვენიანი ბურთს მიიღებდა თუ არა, უკრაინელები უმალ ჯარიმდებოდნენ. ასე მოუგორვდა უკრაინას პირველ ტაიმში 19 ფოლი, მათ ლიდერ მიხაილიუკს კი 4 ჯარიმა.

თუმცა ლურჯ-ყვითლებმა მიზანს მიაღწიეს – პირველი 20 წუთი 47:34 მოიგეს.

პირველ ტაიმში არ უთამაშია გოგა ბითაძეს, მას მატჩის წინ მოთელვისას მუხლი ასტკივდა.

მესამე პერიოდში სურათი არ შეცვლილა: ქართველებს შეტევაში ქულების მოგროვება კვლავ უჭირდათ, თუმცა არც უკრაინელებმა ჩაყარეს ბევრი – ათწუთეული უკრაინამ 13:10 მოიგო.

მეოთხე პერიოდი თად მაკფადენის ორი სამქულიანით დაიწყო და სხვაობა 12 ქულამდე რომ შემცირდა, მეტოქის მწვრთნელმა უმალ წუთშესვენება მოითხოვა. ისევე როგორც მთელ მატჩში, შეხვედრის ბოლოსაც ქართველები ქულებს ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აგროვებდა. თორნიკე შენგელიას ოსტატობის ხარჯზე. თუმცა ერთი, თუნდაც შენგელიას დონის კალათბურთელი თამაშს რომ ვერ მოიგებს, ეს რიგის მატჩშიც გამოჩნდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 4 ივლისს თბილისში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ესპანეთთან გამართავს. მატჩი 19 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.