გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ადგილის დაბალი ხარისხის მიუხედავად, საქართველოსა და უკრაინას შორის მოცემულობა საკმაოდ უსიამოვნოა
გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ადგილის დაბალი ხარისხის მიუხედავად, საქართველოსა და უკრაინას შორის მოცემულობა საკმაოდ უსიამოვნოა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მოცემულობა საკმაოდ უსიამოვნოა მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ადგილის დაბალი ხარისხის მიუხედავად.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი მიადგა.

„უკრაინაშიც არის კანონმდებლობა, რომელიც არ ითვალისწინებს მისჯილი ადამიანების დასაქმებას, თუნდაც, სასამართლო გადაწყვეტილება უკრაინაშიც არ იყოს გამოტანილი. თუ მეათეხარისხოვანი თანამდებობაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ საკითხზე განცხადება არ უნდა გვქონდეს. იმ ფორმატში, სადაც ვთანამშრომლობთ, არ არის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი. არის მრავალმხრივი თემა – უსაფრთხოება, რეგიონალური თანამშრომლობა, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სამხედრო საკითხები. აქედან გამომდინარე, ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ და მისი მონაწილეობით კონსულტაციები უნდა გავმართოთ, რათა თანამშრომლობის ამ ფორმატში საქართველოსა და უკრაინის პარალელური აქტივობები, ინფორმაციისა და საქმიანობის ურთიერთგაცვლა შენარჩუნებული იყოს. ეს არ არის მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობა, საუბარია მრავალმხრივ ურთიერთობაზე. ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი მიადგა. მოცემულობა საკმაოდ უსიამოვნოა მიუხედავად სააკაშვილის სამუშაო ადგილის დაბალი ხარისხისა. ასეთი ნაბიჯი უსიამოვნო და ჩრდილის მიმყენებელია ორმხრივ ურთიერთობაში“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.