უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.
წელს საარჩევნო უბნები არ გახსნილა რუსეთის ტერიტორიაზე, ასევე, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების დაშვებაზე.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 84 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.
არჩევნების დღესთან დაკავშირებით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და მიმდებარე პერიმეტრზე. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელთა, კინოლოგთა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
ცესკო-ს ცენტრალურ შესასვლელთან, სატელევიზიო სტუდიები ეწყობა, სადაც დღის განმავლობაში თოქშოუები გაიმართება.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან.