უკრაინის ცესკო-მ მიხეილ სააკაშვილის მოძრაობისა და კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინა
უკრაინის ცესკო-მ მიხეილ სააკაშვილის მოძრაობისა და კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშებში დარღვევები აღმოაჩინა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის, „ახალ ძალთა მოძრაობის“ შუალედურ ფინანსურ ანგარიშში დარღვევა აღმოაჩინა. ინფორმაციას უკრაინის ცესკო ავრცელებს. უწყებამ ამის შესახებ ინფორმაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს უკვე მიაწოდა.

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის გარდა, დარღვევა აღმოჩნდა კიდევ სამი პარტიის ფინანსურ ანგარიშში – „პარტია შარიას“, „სამოქალაქო პოზიციისა“ და „სოციალური სამართლიანობის“. გავრცელებული ცნობით, დარღვევები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებში ფულადი სახსრების ჩარიცხვებსა და მოხმარებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 43.16%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე კი, „ოპოზიციური პლატფორმა – ცხოვრებისთვის“ გავიდა 13.05% -ით. მესამე ადგილი კი, ხმათა 8.18%-ით პარტია „ბატკივშინამ“ დაიკავა.