უკრაინამ მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც რუსეთს აგრესორ ქვეყნად აცხადებს
უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც პრორუსი სეპარატისტების მიერ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაკავებულ ტერიტორიას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნობს.
კანონი, რომელსაც უმაღლესი რადას 280-მა დეპუტატმა მისცა ხმა, რუსეთს აგრესორ ქვეყნად აცხადებს.
მოსკოვმა უკრაინის ეს გადაწყვეტილება დაგმო და ახალი ომისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
უკრაინის პარლამენტში ახალი კანონის შესახებ განხილვები სამ დღეს გრძელდებოდა. მიღებული დოკუმენტი რუსეთს აგრესიის გამოვლენაში სდებს ბრალს, ასევე შეიარაღებული შენაერთების დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში გაგზავნაში და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფაში.
მოსკოვი ამ პუნქტებს არ ეთანხმება, თუმცა აღიარებს, რომ რუსი „მოხალისეები“ უკრაინელ მეამბოხეებს ეხმარებიან.
2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონში დაწყებულ კონფლიქტს 10 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე, ერთი თვით ადრე კი რუსეთმა უკრაინის სამხრეთ ნახევარკუნძული, ყირიმი დაისაკუთრა.