უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია, მათ შორის გირავნობის, აუცილებლად უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამის მიზეზი, ე.წ. შავი საკომისიოების გამორიცხვაა.

„გვაქვს შავი საკომისიოების შემთხვევები, მაგალითად როდესაც მევახშე აძლევს კლიენტს 100 ათას აშშ დოლარს, ბინის დაგირავების შემთხვევაში, რეალურად მას აძლევს 80 ათასს, კონტრაქტში კი, 100 ათასი იწერება. ხდებოდა საკომისიოს აღება წინასწარ ისე, რომ კონტრაქტში აღნიშნული მითითებული იყო, როგორც კრედიტის თანხა. ეს არის მიუღებელი და მომხმარებლის უფლებების პირდაპირი დარღვევა“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის განმარტებით, მსგავსი შემთხვევების გამოსარიცხად, აუცილებელია სესხის გამცემთა მეტი გამჭვირვალობა.

„მათ, ვისაც ამგვარი საქმიანობის უფლება ექნებათ, ტრანზაქციები მხოლოდ საბანკო გადარიცხვებით უნდა განახორციელონ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

აღნიშნული სიახლე ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომელიც საბანკო სექტორში ახალი წესების დამკვიდრების მიზნით, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.