უჩვეულო ამბავი ქალთა ლიგაში - „ლანჩხუთის“ მეკარემ გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში „ლანჩხუთმა“ ხობის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 8:0 დაამარცხა – ამაში განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი – ხობელთა კარში ერთ-ერთი გოლი მეკარე თათია გაბუნიამ გაიტანა.
„ლანჩხუთში“ ტრავმების გამო გამოწვეულმა საკადრო პრობლემებმა, გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე აიძულა, რომ მეკარე თათია გაბუნია შეტევაში ეთამაშებინა.
გაბუნიამ მწვრთნელის იმედი გაამართლა, შეხვედრის 25-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. ხობის „კოლხეთის“დამარცხებაში განსაკუთრებული როლი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ეთერ სულაშვილმა ითამაშა, რომელმაც ხუთი გოლი გაიტანა, დუბლი კი „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა ხატია ჭყონიამ შეასრულა.
ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, გუნდები ზედა და ქვედა ჯგუფებად (4-4 გუნდი) გადანაწილდნენ. გათამაშების ლიდერი „სამეგრელოა“, რომელიც „ლანჩხუთს“ 5 ქულით უსწრებს.
სატურნირო მდგომარეობა: 1. „სამეგრელო“ (23 ქულა), 2. „ლანჩხუთი“ (18), 3. „დინამო“ სოხუმი (9), 4. „კოლხეთი“ ხობი (1).