საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში დასრულებული უეფა-ს განვითარების თასის ბოლო ტურში ესტონეთს დაუპირისპირდა, 5:2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრის 25-ე წუთზე მირელ ლუიკიმ ესტონეთი დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ სალომე ხუბულურის გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტაიმის ბოლომდე სამი გოლი გაიტანა –  თავი ქეთევან ჭურკვეიძემ (27), სოფი ხელაშვილმა (29) და ანანო წიქარიძემ (33) გამოიჩინეს.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. სოფი ხელაშვილმა (70) დუბლი შეასრულა, ესტონელებს მეხუთე ბურთი ლოლიტა კალოიანმა (79 – პენალტი) გაუტანა, საბოლოო ანგარიში კი ესტონელთაგან ელიზავეტა იუჟანინოვამ (88) დააფიქსირა.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო –  ესტონეთის გარდა, მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსემბურგის ნაკრები კი 4:1 დაამარცხა.