Uber-ი სკანდალში გაეხვია. კომპანიის ორი თანამშრომელი კი, შექმნილი ვითარების გამო, სამსახურიდან გაუშვეს. ამის შესახებ განცხადება Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დადა ხოსროვშაჰმა გააკეთა. საუბარია 2016 წელს ჰაკერების მიერ კომპანიის 57 მილიონი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპარვაზე.
„დღეიდან, კომპანიის ორი თანამშრომელი, რომლებიც მომხდარი ინციდენტის დარეგულირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, Uber-ში აღარ იმუშავებენ“, – ნათქვამია ხოსროვშაჰის განცხადებაში, რომელიც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წელს Uber-ზე ჰაკერული შეტევის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი მომხმარებლის ელექტრონული მისამართები და სატელეფონო ნომრები მოიპარეს. ასევე, შვიდი მილიონი მძღოლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის 6000 ამერიკელი მძღოლის მართვის მოწმობის ნომერი.
იმის ნაცვლად, რომ მომხდარის შესახებ რეგულატორისა და თანამშრომლებისთვის შეეტყობინებინათ, მაშინ კომპანიამ ჰაკერებს 100 000 დოლარი გადაუხადა და მომხდარის საიდუმლოდ შენახვა სთხოვა. Uber-ში მიიჩნევენ, რომ ჰაკერებს მოპოვებული ინფორმაცია არაფერში გამოუყენებიათ.
ხოსროვშაჰის თქმით, დაწყებულია შიდა მოკვლევა და გამოძიება მომხდარის მიზეზებს უახლოეს მომავალში დაადგენს.