უახლოეს მეზობელ ვარსკვლავზე მზეზე ასჯერ უფრო მძლავრი ამოფრქვევა დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპის (ALMA) გამოყენებით, ასტრონომებმა დედამიწის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრზე ამოფრქვევა შენიშნეს, რომელიც 100-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე მზეზე დაფიქსირებული ნებისმიერი ამოფრქვევა. ეს ამოფრქვევა, რომელიც უდიდესია ამ დრომდე რომელიმე ვარსკვლავზე დაფიქსირებულთა შორის, ასტრონომებს ასეთი მოვლენების მოქმედების შიდა სტრუქტურის შესახებ აწვდის ცნობებს და ამავე დროს, შეიძლება მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის ძებნაშიც დაგვეხმაროს.
ვარსკვლავური ამოფრქვევები ხდება მაშინ, როდესაც ვარსკვლავის ლაქებიდან გამოყოფილი მაგნიტური ენერგია ელექტრომაგნიტური რადიაციის ძლიერი ჭავლის სახით ფეთქდება; ასეთი მოვლენა მთელ ელექტრომაგნიტურ სპექტრში დაიმზირება, რადიოტალღებიდან გამა-გამოსხივებამდე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მზის გარდა სხვა რომელიმე ვარსკვლავზე ერთ ამოფრქვევას ტალღის სიგრძის ასეთ სრულ დიაპაზონში დააკვირდნენ.
„2018 წლამდე არასოდეს გვქონდა ნანახი M-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავის ამოფრქვევა მილიმეტრულ ტალღის სიგრძეში, შესაბამისად, უცნობი იყო, არსებობდა თუ არა თანმხლები გამოსხივება ტალღის სხვა სიგრძეებშიც“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსური ასტრონომიის ცენტრის ასისტენტ-პროფესორი მერედით მაკგრეგორი.
პროქსიმა კენტავრი მზის უახლოესი მეზობელი, წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4 სინათლის წლის მანძილზე; მისი ამოფრქვევების უკეთ შესასწავლად, ასტრონომთა ჯგუფი მას 2019 წელს, რამდენიმე თვის მანძილზე, 40 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ 9 სხვადასხვა მიწისპირა და კოსმოსური ტელესკოპით.
2019 წლის მაისში პროქსიმა კენტავრიმ მძლავრი ანთება ამოტყორცნა, რაც შვიდი წამის განმავლობაში გაგრძელდა, მაგრამ წარმოქმნა ნამდვილი ზვირთი ულტრაიისფერ და მილიმეტრულ ტალღის სიგრძეებში. ამოფრქვევა ხასიათდებოდა ძლიერი, იმპულსური დარტყმით, რაც ამ ტალღის სიგრძეებში იქამდე არასოდეს იყო შემჩნეული. მოვლენა ჩაიწერა კვლევაში ჩართულმა ცხრიდან ხუთმა ტელესკოპმა, მათ შორის ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ულტრაიისფერში და ALMA-მ მილიმეტრულში.
„სულ რამდენიმე წამის განმავლობაში, ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში ვარსკვლავი ნორმალურზე 14 000-ჯერ მეტად აკაშკაშდა. იმავე დროს იგივე დაფიქსირდა მილიმეტრულ ტალღის სიგრძეშიც“, — ამბობს მაკგრეგორი.
მისივე განცხადებით, წარსულში არ ვიცოდით, თუ ვარსკვლავები მილიმეტრულ დიაპაზონშიც იფრქვეოდნენ და შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ასეთი ანთება მილიმეტრულშიც დააფიქსირეს. ასტრონომი იქვე დასძენს, რომ ახალი დაკვირვებების საფუძველზე, მკვლევრებმა შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია შეაგროვონ ამ ამოფრქვევათა წარმოქმნის შესახებ, რასაც შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს მის პლანეტაზე სიცოცხლის არსებობაზე.
ჩვენი მზისთვის მძლავრი ამოფრქვევები უცხო არ არის და მზის ციკლის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება. მაკგრეგორის განცხადებით, პროქსიმა კენტავრის შემთხვევაში, ასე არ არის.
„პროქსიმა კენტავრის პლანეტები ამოფრქვევებისგან ასეთ დარტყმას არა საუკუნეში ერთხელ, არამედ დღეში სულ მცირე ერთხელ იღებენ, თუ რამდენჯერმე არა“, — ამბობს იგი.
ამ ვარსკვლავის პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შანსი აქტიური განხილვის საგანია, რადგან ის მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავია და მის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს ეგზოპლანეტა პროქსიმა კენტავრი b.
„პროქსიმა კენტავრის უახლოეს პლანეტაზე თუ სიცოცხლე არსებობს, ის დედამიწაზე არსებულისგან ძალიან უნდა განსხვავდებოდეს. ადამიანი იქ უბრალოდ ვერ გაძლებს“, — ამბობს მაკგრეგორი.
პროქსიმა კენტავრის ამოფრქვევათა მრავალ საიდუმლოს სამომავლო დაკვირვებები ახდის ფარდას; მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ამ მძლავრ ანთებათა წარმოქმნის შიდა მექანიზმს გაარკვევენ.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია almaobservatory.org-ის მიხედვით.