შორეულ ვარსკვლავთან, პლანეტების წარმომქმნელ დისკოში გიგანტური მოლეკულა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
შორეულ ვარსკვლავთან, პლანეტების წარმომქმნელ დისკოში გიგანტური მოლეკულა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერთა განცხადებით, ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ მტვრისა და გაზის დისკოში ამ დროისათვის უდიდესი მოლეკულა აღმოაჩინეს.

ამ მორევივით მბრუნავ ღრუბელში, ასტრონომებმა დიმეთილის ეთერის ნიშნები დააფიქსირეს — ეს გახლავთ მოლეკულა, რომელიც ცხრა ატომს შეიცავს. ჟანგბადის შემცველ ამ მოლეკულა შეუძლია, სამშენებლო ბლოკი იყოს შაქრებისა და სხვა ბიომოლეკულებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ის პრებიოტურ ნაერთად ჩავთვალოთ.

ვარსკვლავ IRS 48-ის გარშემო არსებული ამ დისკოსგან თანდათანობით ეგზოპლანეტები გაჩნდება და შესაბამისად, ამ მოლეკულის აღმოჩენას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს სამყაროში სიცოცხლის აღმოცენების შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე.

„ამ აღმოჩენით შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ და შესაბამისად, უკეთესი მოსაზრება გაგვიჩნდეს სხვა პლანეტურ სისტემებში სიცოცხლის პოტენციალის შესახებაც. ამაღელვებელია იმის ხილვა, როგორ ჯდება ეს აღმოჩენა უფრო დიდ სურათში“, — ამბობს ნიდერლანდების ლაიდენის უნივერსიტეტის ასტრონომი ნაშანტი ბრუნკენი.

დიმეთილის ეთერი ეთერებს შორის ყველაზე მარტივია და კოსმოსში საკმაოდ გავრცელებულია. უფრო მეტიც, ვარსკვლავთშორისი სივრცის ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებში ის ერთ-ერთ ყველაზე უხვ მოლეკულებს შორის არის. შედგება ნახშირბადის ორი, წყალბადის ექვსი და ჟანგბადის ერთი ატომისგან, ქიმიური ფორმულაა CH3OCH3.

მიჩნეულია, რომ ეს მოლეკულები ვარსკვლავთწარმომქმნელ ცივ რეგიონებში ფორმირდება, იქამდე, ვიდრე მტვრის სქელი ღრუბლებისგან ვარსკვლავი დაიბადება. მეცნიერთა აზრით, ისეთი მარტივი მოლეკულები, როგორებიც არის ნახშირბადის მონოოქსიდი, მტვრის მარცვლებს ეკვრის და წარმოქმნის ყინულის შრეებს, რომლებშიც ქიმიური რეაქციები იწყება და წარმოიქმნება უფრო კომპლექსური მოლეკულები.

ვარსკვლავი IRS 48 ჩვენგან 444 სინათლის წლის მანძილზე, გველისმჭერის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. მის დისკოში მოლეკულა აღმოაჩინეს მასში არსებული ასიმეტრიული ნამგლის ფორმის წარმონაქმნის წყალობით, სადაც მტვრის დიდი ნაწილაკები კონცენტრირდება, რომლებიც სავარაუდოდ, ვარსკვლავსა და წარმონაქმნს შორის სხვა სხეულის შედეგად ჩამოყალიბდა.

ეს „მტვრის ხაფანგი“, როგორც მას უწოდებენ, არის რეგიონი, სადაც მტვრის ნაწილაკები ჯგუფდება და სულ უფრო და უფრო დიდ გროვებს წარმოქმნის, შემდეგ კი მათგან ასე თანდათანობით წარმოიქმნება კომეტები, ასტეროიდები და პლანეტები.

მტვრის ხაფანგი პირველად 2013 წელს აღმოაჩინეს. შარშან ჩატარებულ კვლევაში კი ასტრონომებმა გამოავლინეს, რომ მტვრის ხაფანგები მდიდარია კომპლექსური მოლეკულების შემცველი ყინულებით. ამიტომ, ბრუნკენმა და მისმა ჯგუფმა ჩილეში მდებარე ატაკამის ფართო მილიმეტრულ/სუბმილიმეტრული ტელესკოპი (ALMA) ვარსკვლავისკენ მიმართეს, რათა გაერკვიათ, რისი აღმოჩენა შეეძლოთ.

როდესაც ვარსკვლავის რადიაცია მტვრის ხაფანგს აღწევს, იწვევს ყინულის სუბლიმაციას. თუკი საკმარისად მძლავრ ტელესკოპს იყენებ, სპექტრზე დაყრდნობით შეგიძლია აღმოაჩინო მასში არსებულ მოლეკულათა ხელწერა.

ვინაიდან სხვადასხვა მოლეკულები შთანთქავენ და ხელახლა გამოყოფენ სინათლეს, ტელესკოპთან მოღწეულ სინათლის სპექტრში წარმოქმნიან ბნელ (შთანთქმის) და კაშკაშა (გამოსხივების) მახასიათებლებს.

მკვლევართა განცხადებით, ALMA-ს მიერ დაფიქსირებული გამოსხივების მახასიათებელი ძლიერ შეესაბამებოდა დიმეთილის ეთერს. გარდა ამისა, მათ სავარაუდოდ დააფიქსირეს მეთილის მარილიც, მარტივი ეთერი ფორმულით CH3OCHO, რომელიც ასევე არის ორგანული მოლეკულების სამშენებლო ბლოკი.

„ნამდვილად ამაღელვებელია, რომ დისკოებში ბოლოსდაბოლოს დავაფიქსირეთ ეს დიდი მოლეკულები. დიდხანს ვფიქრობდით, რომ მათზე დაკვირვება შეუძლებელი იყო. კიდევ უფრო ამაღელვებელი კი ის არის, რომ როგორც ვიცით, ეს მოზრდილი, კომპლექსური მოლეკულები დისკოში პლანეტების წარმოქმნაშიც არის ჩართული. ამის შესახებ აქამდე არ ვიცოდით, რადგან სისტემების უმეტესობაში, ეს მოლეკულები ყინულში იმალება“, — ამბობს ლაიდენის უნივერსიტეტის ასტრონომი ალის ბუთი.

ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონებში დიმეთლის ეთერის სიუხვე, ამ აღმოჩენასთან ერთად იმაზე მიუთითებს, რომ ეს მოლეკულა უხვად უნდა იყოს პროტოპლანეტურ დისკოებშიც. ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ამ მოლეკულების სრული ვარსკვლავთშორისი მარშრუტის მიყოლა, ვარსკვლავური ინკუბატორებიდან პლანეტებამდე.

„ფრიად კმაყოფილი ვართ, რომ უკვე შეგვიძლია მივყვეთ ამ კომპლექსურ მოლეკულათა მთელ გზას, ვარსკვლავთწარმომქმნელი ღრუბლებიდან პლანეტების წარმომქმნელ დისკოებამდე და კომეტებამდე“, — ამბობს ლაიდენის ობსერვატორიის ასტრონომი ნიენკე ფონ დერ მარელი.

ასტრონომს იმედი აქვს, რომ უფრო მეტი დაკვირვებებით შეგვიძლია უფრო მივუახლოვდეთ მზის სისტემაში პრებიოტურ მოლეკულათა წარმომავლობის გარკვევას.

კვლევა Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.