ტყიბულის შახტების მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის დახურვა დროებითი გადაწყვეტილებაა
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის დახურვა დროებითი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ტყიბულის შახტების მფლობელი კომპანიის „ქოალ ოფ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, მიხეილ სოცკიმ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სოცკის თქმით, ადმინისტრაციის დროებით დახურვა უკავშირდება უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას. მისივე თქმით, კომპანია არც ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ გეგმავს.
საქართველოს პირველ არხთან საუბრისას მიხეილ სოცკიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა დადოს დასკვნა ტექნიკური აღჭურვილობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„ჩვენ განვიხილეთ ყველა საკითხი პროფკავშირებთან დაკავშირებით. მეშახტეებისთვის ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში იყო ცნობილი შახტში ჩაშვების მექანიზმის, გეგმური შემოწმებისა და ტექნიკური რემონტის შესახებ, რაც გამოიწვევდა ადმინისტრაციის დროებით შეჩერებას. ადმინისტრაციის არც ერთი თანამშრომლის და არც ერთი მეშახტის სამუშაო ადგილის შემცირებას არ ვგეგმავთ. სამუშაოები კი შესაძლოა, მაქსიმუმ სამი თვის მანძილზე გაგრძელდეს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ტყიბულში მეშახტეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის მიზეზი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაცია უქმდება და ნახშირის მოპოვების სამუშაოებისთვის მეშახტეები ძიძიგურის შახტს მინდელის სახელობის შახტიდან დაუკავშირდებიან.