ტუტანხამონის აკლდამაში არსებული იდუმალი მინიშნებები აძლიერებს მოსაზრებას, რომ ნეფერტიტის მუმია შეიძლება ახლომახლოს იმალებოდეს — #1tvმეცნიერება
წელს ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენიდან ასი წლისთავია. მიუხედავად ამხელა დროისა, ეს სახელგანთქმული სამარხი დღემდე გვიმხელს საიდუმლოებს და დაპირისპირებათა საგანიც ხდება.
როგორც სახელგანთქმული ბრიტანელი ეგვიპტოლოგი და ბრიტანეთის მუზეუმის კურატორი აცხადებს, აღმოაჩინა მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, აკლდამის კედლის მხატვრობა და იეროგლიფები ნაჩქარევად იყოს დაფარული.
ნიკოლას რივსი უკვე წლებია ირწმუნება, რომ ტუტანხამონის აკლდამის ნახატები სინამდვილეში თავად ფარაონს არ ასახავს. მისი პირის კუთხეებთან არსებული ხაზები ხშირად გვხვდება მისი წინამორბედის, ნეფერტიტის ნახატებზეც.
შესაბამისად, რივსი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, კედლებზე 19 წლის მამაკაცია გამოსახული, შეიძლება ისინი ასახავდეს ტუტანხამონის მიერ საკუთარი დედინაცვლის, ნეფერტიტის დამარხვას, რომლის მუმიაც დღემდე არ არის აღმოჩენილი.
რივსთან ჩაწერილი ახალი ინტერვიუს მიხედვით, ამ გამოსახულებათა თავზე არსებული ოვალურჩარჩოიანი იეროგლიფები, რომლებსაც კარტუშებს უწოდებენ, ზემოდან ჩანს გადაწერილი, რაც ცვლის დაკრძალვის ცერემონიაში ჩართულთა ვინაობას.
ისტორიულად, მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ „პირის გახსნის ცერემონიის“ კედლის მხატვრობა (ქვემოთ) ასახავს ტუტანხამონის ცხედრის დასამარხად მომზადებას მისი მემკვიდრის, მომავალ ფარაონ ეიეს მიერ.
თუმცა, რივსის განცხადებით, ეიეს მახასიათებლები, მათ შორის მისი ჩაფსკვნილი ნიკაპი და პატარა, აპრეხილი ცხვირი უფრო ახალგაზრდა ტუტანხამონისას წააგავს.
„ეიეს კარტუშის ახლო დათვალიერება ავლენს ქვეშ დაწერილი წინა სახელის აშკარა კვალს, რაც იკითხება, როგორც „ტუტანხამონი“. თავდაპირველ ვერსიაში, ეს სცენა ასახავდა ტუტანხამონის მიერ დაკრძალვის რიტუალის შესრულებას სამარხში, რომელიც თავდაპირველად მის უშუალო წინამორბედს, ნეფერტიტს ეკუთვნოდა“, — ამბობს რივსი.
რივსის აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ ტუტანხამონის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, მისი სამარხის ნეფერტიტის აკლდამაში მოაწყვეს.
თუკი რივსი მართალია, მეტი წონა ეძლევა თეორიას, რომლის მიხედვითაც, ნეფერტიტი შეიძლება იქვე ახლომახლოს იყოს დაკრძალული.
უფრო მეტიც, რივსი უკვე წლებია ირწმუნება, რომ ტუტანხამონის აკლდამა უფრო დედოფლისას შეეფერება, ვიდრე მეფისას.
პირველ რიგში, აკლდამა უჩვეულოდ პატარაა, მეფეთა ველზე აღმოჩენილ სამეფო სამარხებს შორის ყველაზე პატარა. ამას გარდა, როგორც რივსი აღნიშნავს, სამარხში აღმოჩენილი განძი უფრო „ფემინური“ ბუნებისაა.
ასევე, აკლდამის ძირი სხვა სამარხებზე უფრო უსწორმასწოროა, კედლის ნახატები კი ნაჩქარევად არის გაკეთებული, აქვს იმის ნიშნებიც, რომ საღებავი ჯერ გამშრალიც კი არ იყო, როდესაც ის დალუქეს.
ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს, რომ დაკრძალვა სწრაფად ჩატარდა, რაც ლოგიკურია, რადგან ტუტანხამონი ძლიერ ახალგაზრდა, სიყმაწვილის მიწურულს დაიღუპა.
ფარაონის მოულოდნელი სიკვდილი ალბათ გარკვეულ იმპროვიზაციას მოითხოვდა. ტუტანხამონისთვის განკუთვნილი აკლდამა შესაძლოა დასრულებულიც არ იყო და შესაძლოა, ის შემდეგში მისი მემკვიდრის, ეიესთვის გამოიყენეს.
2015 წელს, ტუტანხამონის აკლდამაზე მომუშავე მკვლევრებმა კედლებზე ადამიანის თვალისთვის ძლივს შესამჩნევი გარკვეული მახასიათებლები აღმოაჩინეს, რომლებიც როგორც მათ იფიქრეს, ახლომახლოს არსებულ ფარულ, დალუქულ ოთახზე მიუთითებდა.
რივსმა ყველა ამ მტკიცებულებას მოუყარა თავი და ირწმუნება, რომ ნეფერტიტის სხეული ერთ-ერთ ასეთ ოთახში ასვენია.
მას ზოგიერთი არ ეთანხმება, მაგალითად, ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი მამდუჰ ალ-დამატი.
ისინი ირწმუნებიან, რომ თუკი მალული ოთახები არსებობს, რაც ჯერ კიდევ ცხარე დებატების საგანია, იქ შეიძლება ტუტანხამონის ბიოლოგიური დედა ესვენოს და არა ნეფერტიტი.
2018 წელს, ტუტანხამონის აკლდამის რადარულმა სკანირებებმა დაკავშირებული ოთახების კვალს ვერ მიაგნო. მაგრამ შემდეგ, 2020 წელს, ძეგლის კიდევ ერთმა სკანირებამ მიუთითა, რომ ახლომახლოს შეიძლება მართლაც იყოს დაკავშირებული ოთახი.
არსებობს ამის გარკვევის მხოლოდ ერთი გზა. თუმცა, ამ ძეგლის შეუფასებელი ბუნებიდან გამომდინარე, კედლების გამოთხრა ნამდვილად არ იქნებოდა საზრიანი.
ამ ეტაპზე, ნიკოლას რივსის თეორია ჯერ მხოლოდ სპეკულაციაა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.