თუშეთის გზის გახსნასთან დაკავშირებით, ახმეტის მერიაში შეხვედრა იმართება
ახმეტის მერიაში შეხვედრა მიმდინარეობს. საგზაო დეპარტამენტისა და თუშეთის გზის მოვლა-პატრობაზე პასუხისმგებელი კომპანია „გერალის“ ხელმძღვანელები იმ ადამიანებს ხვდებიან, რომლებმაც ახმეტის საკრებულოს სხდომაზე თუშეთის გზის გახსნასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი მოითხოვეს.
„მძიმე ტექნიკამ კალაპოტი უნდა გაწმინდოს, იქ არსებული ბულდოზერების სიმძლავრე არაა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი წერეთელმა.
მისივე თქმით, სოფელ ლეჩურიდან ტექნიკის გადაადგილებას ხელოვნურად წარმოქმნილ ტბამდე ორი დღე დასჭირდება, ამის შემდეგ 10-15 დღის განმავლობაში გზის აღდგენითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
ამ ინფორმაციას შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. მათი თქმით, დროულად არ დაიწყო ტბის წყლისგან დაცლის სამუშაოები, რის გამოც, გზა მთლიანად დაიფარა.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, სამუშაოები ორ დღეში დაიწყება და უპირველესად, გაკეთდება ბილიკი, რომ მსხვილფეხა საქონლის გადაყვანა გახდეს შესაძლებელი.