თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება
თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზის თიანეთი-ახმეტის 30 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას აგრძელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ახმეტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის გაგანიერების, ფერდის დამჭერი ნაგებობების მშენებლობის, საგზაო სამოსის კონსტრუქციის მოწყობის და ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. ახმეტა-თიანეთის გზა გადის ილტოს ხეობის სოფლების ნაწილზე და ერთმანეთთან აკავშირებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონს. გზის რეაბილიტაცია ნიშვნელოვანია როგორც სოციალ-ეკონომიკური, ასევე ხეობის ტურისტული განვითარების  თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდება გზა, აშენდება ორი ახალი და რეაბილიტირდება ერთი არსებული ხიდი. ასევე, ჩატარდება მდინარე ილტოს ნაპირდაცვის სამუშაოები. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება არის 12.1 მილიონი ლარი. პროექტის დასრულება 2023 წლის მარტშია დაგეგმილი“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.