თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი
თურქეთის სამხრეთ ნაწილში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განახლებულ მონაცემებს თურქული მედია თურქეთის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 243 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა. სტიქიამ დაანგრია 6 200-ზე მეტი შენობა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი შეძრა უდიდესმა კატასტროფამ 1939 წლის ერზინაჯის მიწისძვრის შემდეგ.