თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ჰათაის პროვინციაში ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ჰათაის პროვინციაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 213 კი დაშავდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ახალი ბიძგების შედეგად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამ ადგილას მიმდინარეობს.

მანამდე, „ბიბისი“ ჰათაის პროვინციის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერდა, რომ 20 თებერვლის საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ხალხი მოჰყვა.

თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.

ჰათაი 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული პროვინციაა. სტიქიას თურქეთში 41 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეზობელ სირიაში დაიღუპა 4 500-ზე მეტი ადამიანი. 6 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ექვსი ათასზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.