თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფათიჰ დონმეზმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს მთავრობამ რეგიონში პირველივე დღეს გაგზავნა სამაშველო ჯგუფი, რომლებსაც დიდი წვლილი აქვს მიწისძვრით დაზარალებულების გადარჩენაში.
„6 თებერვალს კაჰრამანმარაშში მოხდა ორი ძლიერი მიწისძვრა. ამასთან ერთად რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქ ჰათაიში მოხდა დიდი მიწისძვრა. სამმა ძლიერმა მიწისძვრამ რეგიონს დიდი ზარალი მიაყენა. ჩვენმა მოძმე ქვეყანამ, საქართველომ პირველივე დღიდან დახმარების სურვილი გამოთქვა, გამოაგზავნა დახმარება და სამაშველო ჯგუფი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ ჩამოვიდა, შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს და მიუსამძიმრა. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ჰათაიში და გაიზიარა ჩვენი ტკივილი. ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს. ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ სამაშველო ჯგუფის მაშველებს, რომლებიც პირველი დღიდან ჩამოვიდნენ და გვეხმარებოდნენ. მათ დიდი წვლილი აქვთ მიწისძვრით დაზარალებულების გადარჩენაში. ღმერთმა ქნას, რომ მსოფლიოში მსგავსი ტრაგედია არ დატრიალდეს“, – განაცხადა ფათიჰ დონმეზმა.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.