თურქეთის ელჩი - არ ვიცი, რატომ არ მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია TANAP-ის გახსნის ცერემონიაში
თურქეთის ელჩი - არ ვიცი, რატომ არ მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია TANAP-ის გახსნის ცერემონიაში

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა სერენ იაზგანი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რატომ არ მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) გახსნის ცერემონიაში.

ფატმა სერენ იაზგანი ამბობს, რომ საქართველოს ღონისძიებაზე ელჩი ირაკლი კოპლატაძე წარმოადგენს.

„ეს იყო ბოლო წუთს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ არ ვიცი რატომ. საქართველო წარმოდგენილია ღონისძიებაზე ელჩის დონეზე. ეს პროექტია, რომელიც აერთიანებს თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს გვსურს, ვიხილოთ ჩვენი ქართველი მეგობრები თურქეთში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი იქ არ არიან, ჩვენ მათ სიახლოვეს ვგრძნობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დიპლომატმა.

TANAP-ის გახსნაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა მისი ვიზიტი არ შედგა. თურქეთში დღეს დაგეგმილ ცერემონიას არც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) საქართველო-თურქეთის საზღვრიდან იწყება და დასავლეთისკენ თურქეთის მთელ ტერიტორიას კვეთს. კასპიის ზღვიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან გაზი აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით სწორედ ტრანსანატოლიურ მილსადენში მოხვდება. ტრანსადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, ბუნებრივი აირის მიღების საშუალება ევროკავშირის ქვეყნებსაც ექნებათ. TANAP-ი პირველ ეტაპზე, წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.