რეჯეფ თაიფ ერდოღანი - განსაკუთრებული მადლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - განსაკუთრებული მადლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რომლებთან თანამშრომლობით TANAP-ის გაზსადენის ისტორიული პროექტი შედგა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, TANAP-ის გაზსადენი საქართველოს გავლით შედის ანატოლიაში და ამაში თავად საქართველოს ძალისხმევა დიდია.

„ამაყი ვარ, რომ მოთმინებითა და ძალისხმევით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი შვიდ წელიწად-ნახევრიანი თანამშრომლობის გრძელი პერიოდი წარმატებით დასრულდა.

პრეზიდენტ ალიევის პირადი ძალისხმევითა და საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის დათქმულ ვადებში ასეთი წარმატებით დასრულება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ილჰამ ალიევთან ერთად, TANAP-ის პროექტის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალური ღონისძიება თურქეთში, ედირნეს პროვინციაში გაიმართა. პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტი (TANAP) მიზნად ისახავს ევროპისა და თურქეთის ბუნებრივი აირის მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას.

პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდი კუბური მეტრით.