იაგო ხვიჩია – პარტიების გაუქმების ფუნქცია აქვს ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას, ეს მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, წაართვას მას უფლებამოსილება, თვითონ შემოიყვანოს და გაიყვანოს პოლიტიკური მოთამაშეები
პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა არის ფუნქცია, რომელიც აქვს ქართველ ხალხს და არა საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
ხვიჩიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას – „რამდენად აქვს ხელისუფლებას ვალდებულებაც კი, სამართლებრივი გზით დაიცვას სისტემა, როდესაც პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება“.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა დავინახოთ ფუნქციები, რა ფუნქცია აქვს ქართველ ხალხს და რა ფუნქციებს უთმობს ის მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.
„რაღაც ფუნქციათა ნაწილი არის, რომელიც ხალხისგან გადაცემული აქვს ხელისუფლებას და მას ევალება, ეს ფუნქცია შეასრულოს, რაღაც ფუნქციები კი ისეთია, რომელიც ხალხს უშუალოდ თვითონ რჩება. პოლიტიკური პარტიების გაუქმება და პოლიტიკური ველიდან გაყვანა არის ის ფუნქცია, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს და არა საქართველოს მთავრობას, ან ხელისუფლებას“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის ინდივიდუალური, თუ არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული დამნაშავე, მან პასუხი უნდა აგოს ინდივიდუალურად, სისხლის სამართლებრივად და ეს არის ხელისუფლების მოვალეობა, მაგრამ პარტიების აკრძალვა, რადგან მისი წევრები სჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულს, ეს მიმართულია არა ამ პარტიების, ან რომელიმე პოლიტიკოსთა წინააღმდეგ, არამედ საქართველოს ხალხის წინააღმდეგ, რომ ქართველ ხალხს წაართვას ერთადერთი უფლებამოსილება, თვითონ შემოიყვანოს და გაიყვანოს პოლიტიკური მოთამაშეები პოლიტიკური ველიდან.
„როგორც ფუნქციონირებს ის დემოკრატიული სამყარო, სადაც საყოველთაო არჩევნების წესით ერთი ხმა უდრის ერთ ადამიანს? ეს წესები თანაბარია ყველასთვის და ხელისუფლებამ, რომელმაც დღეს 51%, ან 54% აიღო, როგორც წინა არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, მას ექნება შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, 40% ვინც აიღო, მის ქმედებებში, რა ტიპის ღალატი არსებობს, თან გადაწყვიტოს ისე, რომ ამ საქმეზე არ იდგეს სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ გადაწყვეტილებაც კი?!. ჩვენ შეიძლება, გვაქვს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის დანაშაულების შესახებ, მაგრამ ანა წითლიძის სისხლის სამართლის დამნაშავეობის შესახებ ცნობა არ გვაქვს. ამიტომ, როდესაც ქართველ ხალხს ეუბნება „ქართული ოცნება“, მე თქვენზე ვზრუნავ, არ მინდა, თქვენ შეგაცდინოთ ვიღაცამ, თუნდაც აგენტებმა, ან ვიღაცებმა, არასწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ და შემთხვევით, ჩვენ გარდა სხვა არ მოგაყვანინოთ ხელისუფლებაში, ამიტომ მე ისინი უნდა ავკრძალოო, ეს ნაბიჯი არის გადადგმული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათი თავისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეკითხვაზე, გასათვალისწინებელია თუ არა ის, რომ საუბარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც არსებობს, იაგო ხვიჩიამ კითხვითვე უპასუხა:
„რა სისტემური დანაშაული ჩაიდინა ანა წითლიძემ? მიხეილ სააკაშვილი ისედაც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში. ვისზე ვლაპარაკობთ? ბატონ მერაბიშვილს და ადეიშვილსაც არ შევუწუხებივართ მგონი, ბოლო პერიოდის განმავლობაში. ირაკლი ფავლენიშვილი ჩემი სტუდენტი იყო მაშინ, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და 2012 წლის არჩევნები ტარდებოდა. ახლა მე ვიღაც მეუბნება, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითელზე უნდა ავკრძალოთ და ამით ჩვენ ქართულ დემოკრატიულ წესრიგს ვიცავთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.