გურამ მაჭარაშვილი – გამართულმა პროცესებმა მეტი მტკიცებულება შეუქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები არ უნდა არსებობდნენ, ამას დაემატა აღიარებითი ჩვენებები, მათ შორის, მათი ბელადისგან

00:38, 25.11.2026

მიმდინარე პროცესებმა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება შეუქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ასეთი პარტიები, როგორიც „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალებია, არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ სპექტრში, – ამის შესახებ ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით მაჭარაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა აჩვენა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესმა.

„საზოგადოება უსმენს და უყურებს პროცესს, ვნახეთ, რომ, რაც უფრო მეტად აქტიურობს „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ამ პროცესებზე, მით უფრო იძირებიან პოლიტიკურ ჭაობში, სადაც თვითონ შევიდნენ. ჭაობის პრინციპია, როცა ჭაობში შედიხარ, რაც უფრო მეტად აქტიურობ, უფრო მეტად იძირები. ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება შეუქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ასეთი ტიპის პარტიები, როგორიც „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალებია, არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ სპექტრში. მაგალითისთვის ვიტყვი, თუ ჩვენ სარჩელი შევიტანეთ და იქ არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომ ასეთი ტიპის პარტიები არ უნდა არსებობდნენ, ამას დაემატა პროცესის დროს აღიარებითი ჩვენებები, მათ შორის, მათი ბელადი სააკაშვილის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, დიახ, ისინი თვლიან, რომ სწორად მოიქცნენ, როდესაც, მაგალითად, შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმით და დახურეს ტელევიზია. ანუ, ეს სწორი იყო მათი გადმოსახედიდან. ეს რას ნიშნავს? თუ მოვლენ ხელისუფლებაში, კიდევ უარესს გააკეთებენ. სწორი იყო, როდესაც შავაძე დახვრიტეს, პირდაპირ ამბობს ამას „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელი ლიდერი, თურმე რუსეთის ფედერაციას გადასცემდა ინფორმაციას. ჯერ ერთი, ეს არ არის დადასტურებული და თეორიულად რომც დავუშვათ, რომ სასამართლოს განეხილა და განაჩენი გამოეტანა, იქ კანონმდებლობით დახვრეტა არ არის და სხვა სასჯელი იქნებოდა. ეს თეორიულად რომ დავუშვათ, მაგრამ გამოძიებაც არ ყოფილა, არაფერი არ ყოფილა, ასე, მოისურვა სააკაშვილმა და მისმა „ნაცმოძრაობამ“ და დახვრიტეს ადამიანი. რაც მთავარია, ამას ამბობენ, რომ იყო სწორი. მეტი რა აღიარებითი ჩვენება შეიძლება, იყოს კიდევ?“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, აღიარებითი ჩვენებები ძალიან ბევრია და მათ შორის,  წითლიძის მხრიდანაც იყო ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის, ისე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში ვნებდა და ვნებს საკუთარ სახელმწიფოს.

„ამაზე მეტი საჯარო მტკიცებულებები, რა შეიძლება, იყოს, როდესაც დელეგაციაში მიდიხარ სტრასბურგში, თუ ვაშინგტონში და ამბობ, რომ შენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი არ უნდა იყოს მინიჭებული, ვიზალიბერალიზაცია უნდა გააუქმონ და უნდა დასანქცირდეს შენი სახელმწიფო. რამდენიმე თვის წინ იყო, ირანის საელჩოსთან რომ მიდიოდნენ და ამბობდნენ, დაბომბეთ, რამე ადგილი ნახეთ, რომ დაბომბოთ, რადგან ამერიკის მხარეს იჭერს საქართველოო. ამერიკის საელჩოში მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, დაბომბეთ, რადგან ირანის მხარეს იჭერსო. ეს ხომ საჯაროდ იყო? დასამტკიცებელიც არაფერია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, პროცესებზე კიდევ არის პირდაპირ დამატებითი ჩვენებები, რომ ასეთი პარტია არ უნდა არსებობდეს.

„ამას დამატებულია ისიც, მაგალითად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც პარტიამ, არჩევნებში როცა მიიღო მონაწილეობა 2020 და 2024 წლებში, გადააგდო საკუთარი ამომრჩეველი. ანუ, რეალურად, „ნაცმოძრაობამ“ თავის ფილიალებთან ერთად თქვა, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით არ მოვლენ. გამოდის, მოვლენ რევოლუციით, დამხობით. ეს ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი არ არის? ლოგიკა ხომ ამას ამბობს. პოლიტიკური პარტია, თუ არა მარტო აცხადებს, არამედ ანტისახელმწიფოებრივად იქცევა, არის ასაკრძალი, პირდაპირ წერია ეს კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ცდილობენ, გაემიჯნონ ბრალდებებს, რამდენად დამაჯერებელია წარდგენილი არგუმენტები, რომ მოსარჩელემ ხუთივე პარტია მოიხსენიოს ე.წ. ნაციონალურ მოძრაობად და შესაძლოა თუ არა, ამ ორი პარტიის მიმართ ბრალდების დასაბუთება ერთგვარად გაჭირდეს, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, არანაირად არ გაჭირდება დადასტურება, რომ, სამწუხაროდ, ორივე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ფილიალია.

მსგავსი