თურქეთის ელჩი - თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში ვითარებას, ნახავთ, რომ საქართველო ძალიან კარგად მოქმედებს
თურქეთის ელჩი - თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში ვითარებას, ნახავთ, რომ საქართველო ძალიან კარგად მოქმედებს

თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში ვითარებას, ნახავთ, რომ საქართველო ძალიან კარგად მოქმედებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა განუცხადა.

თურქეთის ელჩი, სხვა დიპლომატებთან ერთად, გორში იმყოფებოდა. მისი თქმით, მოხარულია, რომ პანდემია კონტროლს ექვემდებარება, რაც ქუჩებსა და პარკებშიც ჩანს.

„მიხარია, რომ ვარ გორში, პარკში, სადაც არიან ბავშვებიც და მოხუცებიც. ისინი ერთად არიან და სასიამოვნო საღამოს ატარებენ. ეს ნიშნავს, რომ პანდემია კონტროლს ექვემდებარება. ხალხს აქვს ფრთხილი ოპტიმიზმი. ჩემი აზრით, საქართველო წარმატებული იყო პანდემიასთან ბრძოლაში. ზომები დროულად მიიღეს. ცხადია, ამას აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი. ქალაქებში ჩვენ ეს ვიგრძენით, მაგრამ ვფიქრობ, გორი არის ერთ-ერთი იმ ქალაქებს შორის, რომლებიც უსაფრთხოდაა და ე.წ. მწვანე ზონაშია. ჩვენ გვესმის ინფორმაცია შემთხვევების მატების შესახებ. ეს ნორმალურია. თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ნახავთ, რომ საქართველო ძალიან კარგად მოქმედებს“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

მისივე თქმით, თურქეთში სტატისტიკური მონაცემები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ბევრ ევროპულ და სხვა ქვეყნებში.

„უფრო მეტი ხალხი გამოჯანმრთელდა. ნაკლები პაციენტები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ნაკლები ხალხია ინფიცირებული. თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონია, ამიტომ საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთს, როგორც წესი, არ ვადარებ. ჩვენი მძღოლები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ხშირად არიან ინფიცირებულები და ჩვენ ისინი უკან მიგვყავს. ჩემი აზრით, საქართველოც და თურქეთის პანდემიას კარგად ებრძვიან. ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავება, მოგზაურობა, ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნება ნამდვილად გამოწვევაა და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ჩემი აზრით, წელს ტურიზმი არ იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული შიდა ტურიზმზე. ვფიქრობ, გორი არის ის ადგილი, სადაც ხალხი უნდა ჩამოვიდეს“, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.

ფატმა სერენ იაზგანმა ორ ქვეყანას შორის საზღვრების გახსნისა და მოქალაქეთა გადაადგილების საკითხებზეც ისაუბრა.

„ვიდრე რომელიმე ქვეყანა გახსნიდა საზღვრებს, ჩვენ დავიწყეთ სპეციალური პროცესი, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, მისი მიღება იოლად შეძლონ. ეს პროცესი პანდემიის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ. ახლა კი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე. არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სამკურნალოდ მიდის თურქეთში და შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ასე არის. თუმცა, ეს ძალიან მცირე ნაწილია. ასე რომ, ყველა ქართველს, ვისაც სამედიცინო მომსახურების მიღება სურს, დაუბრკოლებლად შეუძლიათ თურქეთში ჩასვლა. რაც შეეხება თურქ ბიზნესმენებს, მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაბრუნდნენ საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ უნდა გახსნან საქართველოში მაღაზიები და ქარხნები. ამ საკითხზე ასევე ვმუშაობთ“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.