ტუნისში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
ტუნისში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ტუნისში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. თავდაპირველად კენჭისყრა 17 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ტუნისის ლიდერ ბეჯი კაიდ ეს-სებსის გარდაცვალების გამო არჩევნები გადაიდო. აღსანიშნავია, რომ ეს არის რიგით მეორე თავისუფალი არჩევნები, რომელიც ტუნისში „არაბული გაზაფხულით“ ცნობილი მოვლენების შემდეგ იმართება.

არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის ორი ქალია.

ტუნისის პრეზიდენტი ბეჯი კაიდ ეს-სებსი 92 წლის ასაკში 25 ივლისს გარდაიცვალა. ამჟამად სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი ასრულებს.

თუ დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ხმათა 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, დაინიშნება მეორე ტური. გამარჯვებული კანდიდატი ტუნისის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლით დაიკავებს.

ტუნისში პრეზიდენტი პასუხისმგებელია თავდაცვაზე, საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.