თუ მზის სისტემის განაპირას, წყვდიადში მართლაც იმალება დიდი, იდუმალი, ე. წ. მეცხრე პლანეტა, ის შეიძლება სულაც არ იყოს იქ, სადაც გვგონია.
ამ ჰიპოთეტური ობიექტის მძებნელი ასტრონომების განცხადებით, ახალი ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება, მისი ორბიტა იმაზე გაცილებით ელიფსური იყოს, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვპროგნოზირებდით.
ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის შესახებ სამეცნიერო საზოგადოებაში პირველად 2016 წელს გაისმა, როდესაც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა, კონსტანტინ ბატიგინმა და მაიკლ ბრაუნმა The Astronomical Journal-ში კვლევა გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი საუბრობდნენ მზის სისტემის გარე მისადგომებში ჯერჯერობით აღმოუჩენელი პლანეტის შესაძლო არსებობაზე. მათი განცხადებით, ამ პლანეტის მტკიცებულება იმალება ნეპტუნს გადაღმა არსებულ სხვა ობიექტებში.
ამ ობიექტებს ნეპტუნსგადაღმა ექსტრემალურ ობიექტებს (ETNO) უწოდებენ. აქვთ უზარმაზარი ელიფსური (გაწელილი) ორბიტები, მზესთან არასოდეს მიდიან ნეპტუნის ორბიტაზე ახლო მანძილზე და ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს მნათობს 150 ასტრონომიული ერთეულითაც კი შორდებიან. ასტრონომიული ერთეული ეწოდება საშუალო მანძილს დედამიწასა და მზეს შორის. ნეპტუნი მზისგან საშუალოდ 30 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.
ბატიგინმა და ბრაუნმა დაადგინეს, რომ პერიჰელიონთან, ანუ ორბიტაზე მოძრაობისას მზესთან უახლოეს წერტილში, მათ ორბიტებს ერთი და იგივე კუთხე აქვს. ამის შემდეგ ჩაატარეს სიმულაციათა სერია და აღმოაჩინეს, რომ ორბიტებს ასე შეიძლება აჯგუფებდეს მოზრდილი პლანეტის გრავიტაციული გავლენა.
ამის შემდეგ, პუბლიკაცია ჩავარდა, თეორია ძალზედ საკამათო გახდა, ბევრი სხვა ასტრონომის აღმოჩენები მეცხრე პლანეტის არსებობას ნაკლებად სავარაუდოს ხდიდა, მაგრამ არც ერთ მიმართულებას მყარი მტკიცებულება დღემდე არ გააჩნია. დებატების გადაჭრის დასკვნითი გზა იქნება რაიმე ღირებულის აღმოჩენა; ბატიგინისა და ბრაუნის ახალი მონაცემები კი შეიძლება სწორედ ამაში დაგვეხმაროს.
მათი ახალი კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal Letters-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
2016 წელს, შესაძლო მეცხრე პლანეტის არსებობის მტკიცებულებები მხოლოდ ექვს ნეპტუნსგადაღმა ექსტრემალურ ობიექტს ეფუძნებოდა; მათგან სამი ძალიან პატარა და ძნელად დასაფიქსირებელი ობიექტია. დროთა განმავლობაში კიდევ ბევრი ნეპტუნსგადაღმა ექსტრემალურ ობიექტი აღმოაჩინეს. დღეისათვის მათი რაოდენობა 19-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უფრო მეტი მონაცემი გვაქვს ანალიზისა და პლანეტის მახასიათებელთა გამოთვლისთვის.
2019 წელს, ასტრონომებმა არსებულ ინფორმაციას გადახედეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ რამდენიმე მცირე შეცდომა ჰქონდათ დაშვებული. განახლებული მონაცემებით, პლანეტის მასა დედამიწისას მხოლოდ ხუთჯერ უნდა აჭარბებდეს და არა ათჯერ, როგორც ამას თავდაპირველი გათვლები მიუთითებდა; გარდა ამისა, მისი ექსცენტრიტეტი, ანუ ელიფსურობა უფრო დაბალი უნდა ყოფილიყო.
ამჯერად, მათ ეს გამოთვლები კიდევ ერთხელ განაახლეს.
„პანდემიის პიკში საკუთარ თავს განსხვავებული შეკითხვა დავუსვით: აკლია თუ არა ჩვენს სიმულაციებს არსებითი ფიზიკა? მოდელთან მუდმივი მუშაობის ფონზე აღმოვაჩინეთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია“, — წერენ ისინი მეცხრე პლანეტის ბლოგში.
მათი განცხადებით, სიმულაციები მიუთითებს, რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მზეს 10 000 ასტრონომიული ერთეულით დაშორდება, კოსმოსში იკარგება. მათ მხედველობაში არ ჰქონდათ მიღებული ის, რომ მზე იზოლაციაში კი არ დაბადებულა, არამედ სხვა ვარსკვლავებთან ერთად სავარაუდოდ გაჩნდა დიდ, გადაჭედილ ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბელში.
ამ გარემოში, ახალგაზრდა მზის სისტემა უნდა ჩამოყალიბებულიყო ოორტის ღრუბლის შიდა ნაწილში; ოორტის ღრუბელი კი არის ყინულოვანი სხეულებისგან შემდგარი გარსი, რომელიც მზის სისტემას მზისგან 2000 – 100 000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე აკრავს გარს. ისეთი გიგანტური პლანეტების წარმოქმნას, როგორიც სატურნი და იუპიტერია, ნარჩენები გარეთ, ვარსკვლავთშრისი სივრცის მიმართულებით უნდა გაეტყორცნა. თუმცა, ახლოს გამავალ ვარსკვლავთა მიერ გამოწვეულ გრავიტაციულ შეშფოთებებს ისინი ისევ უკან, მზის გრავიტაციულ გავლენაში უნდა დაებრუნებინა; სწორედ ასე წარმოქმნეს მათ ოორტის ღრუბლის შიდა ნაწილი.
რატომღაც, ოორტის ღრუბელი რაღაც უბრალოდ ჩამოკიდებულ სივრცედ აღიქმება, რომელიც თითქოს რეალურად არაფერს აკეთებს, მაგრამ როდესაც ბატიგინმა და ბრაუნმა მთელი რიგი ახალი სიმულაციები გაუშვეს და ეს ფიზიკაც მხედველობაში მიიღეს, აღმოაჩინეს, რომ ოორტის ღრუბლის შიდა რეგიონში ობიექტები შეიძლება ოდნავ მოძრაობდნენ.
„თუმცა, მეცხრე პლანეტა ამ სურათს მნიშვნელოვნად ცვლის“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, მეცხრე პლანეტის ორბიტის გრძელვადიანი გრავიტაციული მიზიდვის გამო, ოორტის ღრუბლის ობიექტები მილიარდობით წლიან ვადებში იცვლება და თანდათან კვლავ მზის სისტემის გარე ნაწილში შემოდიან.
„რა უნდა ხდებოდეს მათ თავს? ჩავატარეთ ამ პროცესის სიმულაცია, მხედველობაში მივიღეთ კანონიკური გიგანტური პლანეტების, მეცხრე პლანეტის, ჩამავალი ვარსკვლავების, გალაქტიკური მოქცევის მიერ გამოწვეული შეშფოთებები და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ხელახლა შემოსული ოორტის ღრუბლის ობიექტები შეიძლება შეერიოს კოიპერის სარტყლის შორეულ ობიექტებს და ორბიტულადაც კი დაჯგუფდნენ“, — წერენ მკვლევრები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის აღმოჩენილი ზოგიერთი ნეპტუნსგადაღმა ექსტრემალური ობიექტი შეიძლება ოორტის ღრუბლიდან იყოს მოსული, რაც ნამდვილად საოცარია. თუმცა, ჯგუფის მიერ ჩატარებულმა სიუმულაციამ ასევე აჩვენა, რომ ოორტის ღრუბლის ობიექტების დაჯგუფება იმაზე სუსტი უნდა იყოს, ვიდრე ეს კოიპერის სარტყლიდან მოსულ ობიექტებს სჩვევიათ.
ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ მონაცემებს უფრო უკეთესად ახსნის მეცხრე პლანეტის იმაზე უფრო ექსცენტრიული ორბიტა, ვიდრე მკვლევრები ამას 2019 წელს ფიქრობდნენ.
ამ ორბიტის ექსცენტრიულობის დეტალები იქამდე არ გვეცოდინება, ვიდრე ამ შეჯგუფებულ ობიექტებზე მეტი კვლევა არ ჩატარდება, რათა განისაზღვროს, რომელი მათგანია მოსული ოორტის ღრუბლის შიდა ნაწილიდან; თუმცა, არსებობს ექსცენტრიულობის გარკვეული ზღვარი, რომელსაც შეიძლება ორბიტამ მიაღწიოს იქამდე, ვიდრე ის შესაბამისი იქნება მზის სისტემის გარე ნაწილის დაკვირვებებთან.
ვინაიდან ეს ჰიპოთეტური პლანეტა ძალიან შორს უნდა იყოს და თანაც ძალიან ბნელი, მისი შემჩნევის შანსი ძალიან დაბალია; შესაბამისად, მკვლევართა ეს მონაცემები შეიძლება მოდელების დახვეწაში გამოდგეს და მისი ძებნა შეწყდეს იქ, სადაც ის არ შეიძლება იმალებოდეს; იქნებ გაგვიმართლოს და ერთ მშვენიერ დღეს მას მართლაც მივაგნოთ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ვერასოდეს ვიპოვით, მის ძებნაში გაკეთებული აღმოჩენები ფრიად შთამბეჭდავია. მაგალითად, ასე იპოვეს ასტრონომებმა იუპიტერის ახალი მთვარეები და უშორესი პოტენციური ჯუჯა პლანეტები.
კვლევა გამოსაქვეყნებლად უკვე მიიღო The Astrophysical Journal Letters-მა, იქამდე კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.