აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის გაუქმება მოსთხოვა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა დენუკლეარიზაციის პროცესში პროგრესის არარსებობა დაასახელა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა მისთვის ჩვეული ფორმით – „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.
„მე ვთხოვე სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, ამ ეტაპზე არ წავიდეს ჩრდილოეთ კორეაში, რადგან ვგრძნობ, რომ ჩვენ საკმარის პროგრესს არ ვაღწევთ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხში“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ამას გარდა, ტრამპი მიიჩნევს, რომ დენუკლეარიზაციის პროცესს აფერხებს ჩინეთთან არსებული დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები.
„არ მჯერა, რომ ისინი გვეხმარებიან დენუკლეარიზაციის პროცესში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მან აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მაიკ პომპეო გაემგზავრება ჩრდილოეთ კორეაში უახლოეს მომავალში, მას შემდეგ რაც აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობა ჩინეთთან დარეგულირდება.
„ამავე დროს, მინდა გავუგზავნო ჩემი თბილი მოკითხვა და პატივისცემა თავმჯდომარე კიმს. მოუთმენლად ველოდები მასთან მალე შეხვედრას!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
მაიკ პომპეოს ვიზიტი ფხენიანში მომავალ კვირას იყო დაგეგმილი.