მაიკ პომპეო - ვიმედოვნებთ, რომ ბირთვული განიარაღების თემაზე ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით
მაიკ პომპეო - ვიმედოვნებთ, რომ ბირთვული განიარაღების თემაზე ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკების განახლების იმედს გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში შეხვედრას შეძლებენ.

მოლაპარაკების პროცესი ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მას შემდეგ შეწყდა, რაც ვიეტნამის დედაქალაქში გამართულ სამიტზე ორი ქვეყნის ლიდერმა შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.

„ჩვენ ვიცით, რომ თავმჯდომარე კიმი განაგრძობს ბირთვული განიარაღების ვალდებულების შესრულებას. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში, ან შესაძლოა, კვირებში, ჩვენ მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას დავუბრუნდებით. ეს საუკეთესო გამოსავალია“, – აღნიშნავს მაიკ პომპეო ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი მცირე რადიუსის რაკეტა გამოსცადა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ იმ სამხედრო წვრთნების მიმართ პროტესტად აღიქვა, რომელსაც სამხრეთ კორეა და აშშ-ი ერთობლივად ატარებდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეფასებით, მცირე რადიუსზე მოქმედი სარაკეტო გამოცდების მიუხედავად, კიმ ჩენ ინს არ დაურღვევია დონალდ ტრამპისთვის მიცემული პირობა.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ძალიან იმედგაცრუებული იქნება, თუ თავმჯდომარე კიმი მოლაპარაკების მაგიდას არ დაუბრუნდება ან ჩაატარებს სარაკეტო გამოცდებს, რომელიც მათ შორის დადებულ შეთანხმებას არ შეესაბამება“, – აცხადებს მაიკ პომპეო.