ტრამპი უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მათ შორის Javelin-ის მიყიდვას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიყიდვას გეგმავს. მათ შორის, საუბარია კომპლექს Javelin-ზე.
როგორც ABC იუწყება, სულ საუბარია 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ შეიარაღებაზე. თუ ტრამპი შესაბამის განკარგულებას ხელს მოაწერს, მაშინ ის კონგრესს გადაეგზავნება, რომელიც ერთი თვის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას.
უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტში დაადასტურეს.
“აშშ-ის დახმარება მიმართულია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და როგორც ადრეც აღვნიშნეთ, უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც თავდაცვის უფლება აქვს” – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების განცხადებაში.
სულ საუბარია 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტასა და 35 გამშვებ კომპლექსზე, რომელთა საერთო ღირებულება 47 მილიონი დოლარია.