ბერძენმა ჩოგბურთელმა სტეფანოს ციციპასმა ახალი ისტორია დაწერა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ერთ ტურნირზე შეძლო რეიტინგის TOP10-ის ოთხი მოთამაშის დამარცხება. ციციპასმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა დომინიკ ტიმი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი. ბოლოს კი ნახევარფინალში მატჩბოლი მოიგერია კევინ ანდერსონის წინააღმდეგ და უიმბლდონის ფინალისტს სამ სეტში მოუგო – 6:7(4), 6:4, 7:6(7).
ანდერსონის წინააღმდეგ მატჩში, ციციპასმა 17 საკუთარი გეიმიდან არც ერთი არ წააგო. თავად ერთხელ შეძლო ბრეიკის შესრულება და ამის ხარჯზე მოიგო მეორე სეტი. პირველ და მესამე სეტებში კი ტაი-ბრეიკები გათამაშდა. პირველი პარტიის მე-13 გეიმში ანდერსონმა 1:4-დან ზედიზედ ექვსი ქულა აიღო და მოიგო სეტი.
მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე ჯერ ციციპასმა ვერ შეძლო ორი მატჩბოლის გამოყენება, შემდეგ ერთი ასეთი შანსი გაუშვა ხელიდან ანდერსონმა. 6:7-ზე ბერძენმა ზედიზედ სამი ქულა აიღო და ფინალში გავიდა.
შარშან ამ დროს, ციციპასი მსოფლიოს 168-ე ნომერი იყო, ორშაბათს ახალ რეიტინგში კი მე-15 ადგილზე იქნება.
ბერძენის მეტოქე ფინალში ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად დაამარცხა რუსი კარენ ხაჩანოვი. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მხოლოდ ერთი ჩავარდნა ჰქონდა მატჩში, როცა პირველ სეტში მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება მისცა. თუმცა, ნადალმა ძალიან იოლად მოიგო ტაი-ბრეიკი, მეორე სეტში კი ერთადერთი ბრეიკის წყალობით მოიგო ისე, რომ მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია – 7:6(3), 6:4.
ნადალი და ციციპასი მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. მათ წელს აპრილში, ბარსელონას ტურნირზე გაარკვიეს ურთიერთობა და რაფამ 77 წუთში ორ სეტში მოიგო.
ესპანელი ტორონტოში მოგების ეცდება ამ ტურნირზე მეოთხედ მოიგოს, მოიპოვოს კარიერაში მე-80 ტიტული და “მასტერსის” სერიაში 33-ე ტიტული.