თორნიკე რიჟვაძე - ქობულეთში სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა, მართვადია
თორნიკე რიჟვაძე - ქობულეთში სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა, მართვადია

ქობულეთში სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა, მართვადია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

„დარწმუნებული ვართ, იმ ღონიძიებების შედეგად, რაც ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულთან მიმართებით ტარდება, ჩვენი მედიკოსები მოახერხებენ ინფექციის წყაროს სრულ იდენტიფიცირებას და მაქსიმალურად მოხდება პრევენცია-ლოკალიზება ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირების ზრდა გვქონდა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გამოკვლეულია თუ არა 350-მდე კონტაქტი, რომელიც მხოლოდ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები დაახლოებით 200 კონტაქტთან განხორციელდა, შემდეგ დღეებში კი დანარჩენი კონტაქტების კვლევაც გაგრძელდება.

„უკვე ხვალ-ზეგ მორჩება ეს კვლევები, რაც კონკრეტულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სრულ სურათს მოგვცემს და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ან დამატებითი ზომები მივიღოთ, ან კონკრეტული ინტერვენციები განვახორციელოთ, რაც ინფექციის ლოკალიზებას მოახდენს ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში და გარკვეულწილად, პრევენციული ხასიათის იქნება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ანალოგიური ზომების გატარება სხვა სოფლებშიც, რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ეს პირველ რიგში, მოქალაქეების კანონმორჩილებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.

„ერთმა კონკრეტულმა ზედმეტმა შეხვედრამ თუ ვიზიტმა, თუნდაც ახლობლებთან, შესაძლოა, საკონტაქტო პირთა წრის გაფართოება გამოიწვიოს, ამიტომ, რეკომენდაციებთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამ განაპირობა შიდა გავრცელების ასე ელვისებურად, სწრაფად გავრცელება, რადგან მხოლოდ ქობულეთის კლასტერს 20 ადამიანის ინფიცირება უკავშირდება და ხომ არ დაგვიანდა რეაგირება, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ გავრცელების საკითხს ეპიდემიოლოგები სწავლობენ, ხოლო რეაგირება არც ერთი წუთით არ დაგვიანებულა.

„აქ შემდეგი პრინციპი მოქმედებს – როგორც კი კონკრეტულ სურათს, კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ კვლევას ვეცნობით, შესაბამისი უწყებების ჩართულობით მიმდინარეობს მსჯელობა და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად არის იქ არსებული კონკრეტული ღონისძიებები იმ რისკებთან შესაბამისი, რაც გვაქვს, ან თუ საჭირო და აუცილებელია, ამ ღონისძიებების გატარება მოხდეს. იმის ნაცვლად, რომ ემოციური გადაწყვეტილებები მივიღოთ, საჭიროა, ბოლომდე დავეყრდნოთ პროფესიონალთა ანალიზს და შემდეგ მოვახდინოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის აღსრულებაც შეგვიძლია“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში ბოლომდე მობილიზებულია მედიკოსთა კორპუსი და ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რაც ინფექციასთან ბრძოლისთვის არის საჭირო.