თორნიკე რიჟვაძე - 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი განისაზღვრა 700 მილიონი ლარით და პირველად ნაერთი ბიუჯეტი მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა
თორნიკე რიჟვაძე - 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი განისაზღვრა 700 მილიონი ლარით და პირველად ნაერთი ბიუჯეტი მილიარდიან ნიშნულს მიუახლოვდა

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტი განიხილეს

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით განისაზღვრა.

„აჭარის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ აჭარის 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. ის განისაზღვრა 700 მილიონი ლარით და პირველად ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა ერთ მილიარდიან ნიშნულს. ეს მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ აჭარის მცხოვრებელზე და განვახორციელოთ ის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. პირველად ხდება, რომ ნაერთი ბიუჯეტის ამ მოცულობით დაიგეგმა 2024 წლის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე შესაბამისი პროგრამები. ვთვლი, რომ სწორ გზას და სწორ კურსს ვავითარებთ, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოგვცემს საშუალებას, თანაბრად ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც სჭირდება დახმარება, მხარდაჭერა, ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კიდევ უფრო მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, გაიზარდა ყველა სამინისტროს დაფინანსება, ისევე, როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიზნობრივი კაპიტალური ტრანსფერები.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს უკვე 51 მილიონ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გულის ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება და აღნიშნული პროგრამით 6 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ვზრდით დაფინანსებას ეკომიგრანტების ახალი სახლების შესაძენად. 120-ზე მეტი ეკომიგრანტი მომავალ წელს დაკმაყოფილდება ახალი, უსაფრთხო სახლებით.

წელს ჩვენ დავასრულებთ „ოცნების ქალაქის“ პირველ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 582 მოქალაქე და გაგრძელდება მეორე ეტაპი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება შემდგომ წლებში 100 მილიონ ლარზე მეტი. არცერთი იქ მცხოვრები ოჯახი არ დარჩება თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისის გარეშე. მომავალ წელს 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული „ოცნების ქალაქის“ მეორე ეტაპის განსახორციელებლად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, იზრდება პენსიონერებისთვის მიზნობრივი, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებას.

„ეს ეხება როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალურ პროგრამებს და პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ეს განხორციელდება როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამასთან, მოგვიახლოვდა ციტრუსის სეზონი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეციტრუსე ფერმერების მხარდაჭერა. ამისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაორმაგოთ არასტანდარტულ ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია. შესაბამისად, ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსე ფერმერებს გაუორმაგდებათ შესაბამისი სუბსიდია და ის შეადგენს 30 თეთრს. წელს ველოდებით დაახლოებით 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს. 20-ზე მეტი სარეალიზაციო საწარმო მიიღებს სტანდარტულ საექსპორტო მანდარინს და ასევე, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს შეუზღუდავად. დღეს უკვე ამოქმედდება, ციტრუსის შეუფერხებელი რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გაუწევს მხარდაჭერას ამ პროცესს“, – განაცხადა რიჟვაძემ.