თორნიკე მამალაძე - საპატრიარქოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია, ეკლესიაში არსებულ მამათმავლობაზე, პედოფილიასა და ინცესტის შემთხვევებზე.
როგორც მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს მტკიცებულებები და მათი გაცნობის შემდეგ საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება. მისივე თქმით, მტკიცებულებები არის ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებისა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შესახებ.
„საზოგადოებას მიეწოდება მტკიცებულებები ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც საპატრიარქოში არსებობს: პედოფილია, მამათმავლობა, ინცესტის პრობლემები. ამ დღეებში დაიწყება და ეტაპობრივად მიეწოდება ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია. ეს იქნება მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რის შემდეგაც საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება. ეს გულდასაწყვეტია, რადგან მომდინარეობს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან და თავად პატრიარქისგან. ეს მათი ცხოვრების ყოველდღიურობაა. ჩვენ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რადგან ის ეკლესიის ნაწილია და უნდა იცოდეს, ეკლესიის სათავეში ვინ დგას. არიან მოწმეები და ყველაფერი დამტკიცდება. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იდგნენ საშობაო წირვის წინა ფლანგზე, მათ შორის, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის კათოლიკოს პატრიარქი“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ გააგრძელებს თუ არა მისი ძმა შიმშილობას, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ გადაწყება.
„თავდაპირველად შევეხები ჯანმრთელობის მდგომარეობას. მან შიმშილობა იმიტომ გამოაცხადა, რომ არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება. ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შეძლოს „მატროსოვის“ ციხეში დაბრუნება და უკანონო მსჯავრის მოხდა. გიორგი მამალაძე ითხოვს სახალხო დამცველთან შეხვედრას. ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვეტს, გააგრძელებს თუ არა შიმშილობას“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.