საქართველოს საპატრიარქო - ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს
საქართველოს საპატრიარქო - ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს

მიმდინარე პროცესებმა მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია, ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

„ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ, მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავიანთი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.

ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული.

შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს.

ხატების, სიწმინდეების და, ზოგადად, ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.