თორნიკე გურული - როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მეტოქის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს, ის პოზიტიურ ველს ძალიან რთულად მიიღებს
თორნიკე გურული - როცა საპრეზიდენტო კანდიდატი მეტოქის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს, ის პოზიტიურ ველს ძალიან რთულად მიიღებს

როცა კანდიდატი მეტოქის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს და ნეგატიურ ველში ტრიალებს, ის პოზიტიურ ველს ძალიან რთულად მიიღებს, – განაცხადა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, პიარის სპეციალისტმა, თორნიკე გურულმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„თუ თქვენ სულ ნეგატიურის შესახებ საუბრობთ, ნეგატიურ კადრებს აჩვენებთ და თქვენ გარშემო მუდმივად აგრესიაა, ამომრჩეველს უფრო მეტად აშინებთ, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი. ამა თუ იმ კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში აპოკალიფსური სურათი იგრძნობა, მაგრამ რეალურად, ასე ხომ არ არის?! ცხოვრება მიედინება და ნეგატიურთან ერთად, პოზიტიური რაღაცებიც ხდება. ადამიანები ხედავენ, რომ ყველაფერი არ დაიქცა და არ გაჩერდა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ნეგატიურ კონტექსტში არ აჩვენო და ადამიანებს დაუტოვო პერსპექტივის შეგრძნება, რომ რაღაც პოზიტიურიც მოხდება“, – განაცხადა გურულმა.

ამ განცხადებით თორნიკე გურულმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად მომგებიანია საარჩევნო კამპანია, როცა კანდიდატი არა საკუთარ ღირსებებზე, არამედ მეტოქის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ რეგულირდება საარჩევნო პლაკატების განთავსების საკითხი ჩვენზე უფრო განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, რადგან გარდა იმისა, რომ მომაბეზრებელია, ის გარემოსაც აბინძურებს, თორნიკე გურულმა აღნიშნა, რომ მაგალითად, გერმანიაში, არ შეიძლება, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პლაკატები პირდაპირ შენობაზე მიაკრა და ის აუცილებლად სპეციალურ მასალაზე უნდა იყოს მიკრული.

„მათი პირდაპირ შენობებზე გაკვრა არ შეიძლება. ცალკეულ ქვეყნებში ადგილების მოპოვება სრულიად უფასოა, მაგრამ არსებობს ვალდებულება, რომ არჩევნების შემდეგ ეს პლაკატები აუცილებლად ჩამოხსნან. ევროპის განვითარებულ ქვეყნებში პლაკატებს მუყაოსგან აკეთებენ, რომელიც უფრო მყარია და ამ მასალას შემდეგი არჩევნებისთვის ინახავენ. წავიდა ის დრო, რომ პლაკატები შენობებზე მიაკრა და ამით ისტორიული ძეგლები დააზიანო“, – განაცხადა გურულმა.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა ვიღაცებმა საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს, ან საღებავები შეასხეს და თუ სპეციალური ადგილები გამოიყოფა და წინასაარჩევნო კამპანია ეთიკის ფარგლებში ჩატარდება, ეს მოსახლეობისთვისაც კარგი იქნება.