ტოივო კლაარი - ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახლა საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება რთულია, მაგრამ ამ მიზეზითაც მნიშვნელოვანია ფორმატის არსებობა
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის, ტოივო კლაარის განცხადებით, შვეიცარიაში, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში საერთაშორისო წარმომადგენლობა ფართოდ მონაწილეობს. მისივე თქმით, ეს თავისთავად ძალიან ღირებულია.
როგორც ტოივო კლაარმა აღნიშნა, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ერთი მაგიდის გარშემო კრებს საქართველოს, რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე, აფხაზებს, ოსებს და მიმდინარეობს გაერო-ს, ეუთო-სა და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. ანუ, ფორმატში მონაწილეთა საერთაშორისო წარმომადგენლობა ფართოა, რაც თავისთავად ძალიან ღირებულია. ეს ფორმატი შეიქმნა 2008 წლის ომის შემდეგ და, ვფიქრობ, ყველა მონაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფორმატია როგორც შეხვედრებისთვის, ისე სამომავლო განვითარებისთვის. ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ. მჯერა, რომ მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, ახლა საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაცია რთულია, მაგრამ სწორედ ამ მიზეზითაც მნიშვნელოვანია ამ ფორმატის არსებობა. შეწყვეტის შემთხვევაში, მისი აღდგენა ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.